წყნეთში, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარე კობა კობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს წევრები, ნოდარ მათიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ღონისძიებაზე გამოსულმა პირებმა ხაზი გაუსვეს ნოდარ მათიაშვილის ვაჟკაცობას და სამშობლოს დაცვაში მის როლს. გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა: „დღეს ჩვენ გვერგო პატივი საქართველოს გმირის, ნოდარ მათიაშვილის, სახელი მივანიჭოთ წყნეთის ერთ-ერთ ლამაზ სკვერს. მისმა გმირობამ და თავგანწირვამ უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და იდენტობა.“
ნოდარ მათიაშვილი 1959 წელს იმ უბანში დაიბადა, სადაც სკვერი გაიხსნა. 1993 წელს, ომის დროს, თანამებრძოლის დახმარებისას, ის სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და წამებით მოკლეს. სიკვდილის შემდეგ იგი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ნოდარ მათიაშვილის სახელი წყნეთში ერთ-ერთ ქუჩას 2019 წელს მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები