2025 წლის სექტემბერში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების
ბაზარზე გაყიდვებმა პიკს მიაღწია, გაყიდული ბინების ჯამური ღირებულება კი $401 მილიონამდე გაიზარდა – ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ანგარიშშია საუბარი.
პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ 2025 წლის სექტემბერში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 011 შეადგინა. შესაბამისად:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.9%-ით გაიზარდა და 2 119 შეადგინა.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 12.6%-ით, 1 892-მდე გაიზარდა.
“პირველად ბაზარზე რეკორდული აქტივობა ძირითადად განაპირობა რამდენიმე მსხვილ პროექტში წინასწარი გაყიდვების დაწყებამ.
მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობამ 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ დონეს მიაღწია. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობამ ზრდა განაგრძო, რაც მიუთითებს, რომ გაზრდილი მიწოდება კვლავ საყურადღებოა. ამასთან, ფასმა ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე”, – ვკითხულობთ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ანალიზში.
2025 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი, 899 ბინა დიდ დიღომში გაიყიდა. სამეულში არიან ასევე საბურთალო (630 ბინა) და სამგორი (587 ბინა).
რაც შეეხება ფასებს, 2025 წლის სექტემბერში, უძრავი ქონების ფასებმა ზრდა განაგრძო და თვიურად 0.3% და 1.1%-ით გაიზარდა პირველად და მეორად ბაზრებზე, შესაბამისად.
| სექტემბერი 2023 | სექტემბერი 2024 | სექტემბერი 2025 | |
| ფასი $/მ² | $1 200 | $1 303 | $1 345 |
გაყიდული ბინების საშუალო ფასი ყველაზე მაღალი – მ²-ზე $2 971 მთაწმინდის რაიონში იყო, ყველაზე დაბალი კი – ვაშლიჯვარში, სადაც მ²-ზე ფასი $1 024 იყო.
რაც შეეხება მიწოდებას, სექტემბერში სამშენებლო ნებართვა 17 საცხოვრებელ პროექტზე გაიცა, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 194 ათას მ²-ს აღემატება, რაც წლიურად 48%-იანი ზრდაა.
ჯამურად, 2025 წლის 9 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 8.1%-ით გაიზარდა, რაც Galt-ის ანალიზით მიუთითებს, რომ გაზრდილი მიწოდება კვლავ საყურადღებოა.
ჯამურად, საინვესტიციო ბანკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაყიდვები წლიურად 16.4%-ით გაიზარდა.
ამასთან, 9 თვეში თბილისში სულ 29 972 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია




