თბილისის მერიაში გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი. მისი მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს.
მერის ინფორმაციით, ეს თანხა 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 46,4 მილიონი ლარით არის გაზრდილი. კალაძემ დააზუსტა, რომ საუბარია ბიუჯეტის პირველად ვარიანტზე და საბოლოო ვერსია დაზუსტდება. მისი თქმით, ამ საკითხზე უშუალოდ ვიცე-მერი მუშაობს და მერია თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსთან.
ინფრასტრუქტურა და სოციალური პროგრამები
პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 623,3 მილიონი ლარის გამოყოფა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 50,4 მილიონი ლარით მეტია. კალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქში არაერთი ქუჩა და გამზირი საჭიროებს განახლებასა და რეაბილიტაციას, ხოლო გაზრდილი თანხა მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია 677,7 მილიონი ლარი, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე 76 მილიონი ლარით მეტია. მერის თქმით, სანამ დახმარების საჭიროება არსებობს, მუნიციპალიტეტი ამ პროგრამების დაფინანსებას გააგრძელებს.
კალაძემ ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საკრებულოს წევრები დოკუმენტის განხილვას აქტიურად დაიწყებენ, გაჩნდება შენიშვნებიც და კითხვებიც, მერია კი მზად არის ყველა საკითხი ერთად განიხილოს და პრიორიტეტები განსაზღვროს. მერმა გამოთქვა იმედი, რომ ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით საბოლოო ბიუჯეტი 2026 წლისაზე გაცილებით მეტი იქნება.
წყარო: თბილისის მერია
#drpkhakadze #sheniekimi

