ფოტო: Mostafameraji / Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისებისთვის ოთხი პირი დააკავეს

ნინო ბერიძე
ნინო ბერიძე
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.

თბილისის მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი თანხიდან 41 მილიონ ლარზე მეტის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულები არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, იმავე საზოგადოების ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი პაატა სვანიძე, ასევე შპს „საჩინოს“ დირექტორი და შპს „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.

გამოძიება მერიის აუდიტის სამსახურის მომართვით დაიწყო

უწყების განცხადებით, გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, 2017-2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს „საჩინო“, რომლის სახელითაც ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, გადამზიდი კომპანია „ინტრანსის“ მეშვეობით, მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალები საქართველოში შემოიტანეს. შემდეგ, ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, იმპორტირებული საქონელი სამჯერ გაზრდილი ფასით მიაწოდეს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ასევე ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების მუხლებით. ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 11 წლამდე ვადით ემუქრებათ.

სასამართლოს განჩინებით, სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთ მათგანს კი 2 მილიონი ლარის ოდენობით გირაო. პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დასადგენად.

წყარო: ნეტგაზეთი

#drpkhakadze #sheniekimi

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.