საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში, დიღმის მასივში, საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ტერიტორიაზე ახალ საფეხბურთო ცენტრს აშენებს. პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გაეცნენ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ტერიტორია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, ადგილმონაცვლების გზით მერიამ დაიბრუნა და ფეხბურთის ფედერაციას გადასცა. კალაძის თქმით, “ავაზას” ყოფილი სტადიონი ისტორიული მნიშვნელობისაა და ფეხბურთის განვითარებისთვის მისი შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
პროექტი ორი საფეხბურთო მოედნის მოწყობას ითვალისწინებს, მათ შორის ერთი სტანდარტულ ზომის. ტერიტორიაზე იქნება ტრიბუნები, ღამის განათება, გასახდელები და საშხაპეები. პროექტის დასრულება დეკემბერშია დაგეგმილი, თუმცა უამინდობის შემთხვევაში, მისი დასრულება გაზაფხულზე მოხდება.
ცენტრის მშენებლობა განხორციელდება ფიფას პროგრამა FORWARD-ის, უეფას პროგრამა Hat Trick-ის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით. ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს, რაც უზრუნველყოფს პროექტის ხანგრძლივ ეფექტურობას.
ახალი საფეხბურთო ცენტრი მოემსახურება ახალგაზრდებს და მათ შესაძლებლობას მისცემს სპორტული კარიერის განვუთარებაში. თბილისის მერიის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ქალაქის სპორტულ ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს და ხელს შეუწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები