ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან – საინტერესო და აქტუალური!!!

ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან – საინტერესო და აქტუალური!!!

8 მარტი, 2021

ექსკლუზიური ინტერვიუ გაეროსგენერალურიმდივნისმრჩეველთანჯანდაცვისსაკითხებში, პროფესორგიორგიფხაკაძესთან

  • გამარჯობა ბატონო გიორგი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, მოხარული ვარ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ გაეროში ამ ერთობ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობთ თქვენ, გიორგი ფხაკაძე, ქართველი კაცი, და არასოდეს იშურებთ ძალისხმევას გვერდში დაგვიდგეთ, თუნდაც იმ ინფორმაციის მოწოდებით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ რთულ ვითარებაში, რომელშიც იმყოფება მთელი მსოფლიო, და მათ შორის საქართველო.

გადავიდეთ პირდაპირ კითხვებზე.

  • ჯერ შეგეკითხებით ჩვეულებრივი, თქვენი ყოფითი ცხოვრების შესახებ. ხართ ქუთაისიდან, საქართველოში გაიზარდეთ. რა გენატრებათ და გახსენდებათ ყველაზე მეტად, რაც ღიმილს გგვრით, კარგ ხასიათზე გაყენებთ და, უბრალოდ, ბედნიერებას განიჭებთ?

– ყველაზე კარგად მახსენდება აღდგომა. ძალიან, ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ, სასაფლაო რომ დალაგებული და დასუფთავებულია. ძალიან მიყვარს ნათესავებთან მისვლა, ჩემს ნათესავებთან ურთიერთობა და პურის ჭამა, განსაკუთრებით სასაფლაოზე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს დღე… ჩემი ბაბუები, ბებიები, დიდი ბაბუები, – მათი საფლავების მონახულება ძალიან მიხარია. ეს რაღაცნაირად გვაერთიანებს. ძალიან მიხარია იმიტომ, რომ წარსულის და მომავლის კავშირია, ნათესავები ნახულობენ ერთმანეთს – ეს ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს ძველი მეგობრები. მაგალითად, მამაჩემის და დედაჩემის ძველი მეგობრები (დედა ცოცხალი აღარ არის). ვფიქრობ, რომ აღდგომის დღესასწაული არის მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული და ყოველთვის მინდა, რომ ვიყო საქართველოში.

  • ხომ არ აპირებთ აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში ჩამოსვლას? თქვენ გაიკეთეთ თუ არა აცრა კოვიდზე?

– სამწუხაროდ, ვაქცინა არ მაქვს გაკეთებული, ჩემი ასაკის ადამიანებს ჯერ არ ცრიან საფრანგეთში. ჟენევაშიც არ არის საკმარისი ვაქცინა. ვინაიდან ვმუშაობ შვეიცარიაში და იქ დიპლომატიური სტატუსით ვარ, შესაბამისად, მე ისე ავიცრები, როგორც შვეიცარიის ჩვეულებრივი მოქალაქე. როცა ჩემი ასაკის ადამიანები აიცრებიან, მეც ავიცრები იმ ვაქცინით, რაც იქნება იმ დროისათვის ხელმისაწვდომი შვეიცარიის მოქალაქეებისათვის. მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე. ზოგადად, როცა ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროცესში, რა თქმა უნდა, მე მივიღებ მონაწილეობას.

  • რომელი ქართული კერძი გენატრებათ ყველაზე უფრო? გამოგდით თუ არა კერძების მომზადება?

-კერძების მომზადება ვერ გამომდის კარგად. ყველაზე მეტად მიყვარს ხაჭაპური, იმერულიც მიყვარს, მაგრამ აჭარული მირჩევნია. რა თქმა უნდა, ხინკალიც ძალიან მიყვარს. როგორც ყველა ქართველს, მიყვარს ხაჭაპური და ხინკალი.

აღდგომის დღესასწაულზე ჩემი ერთი ნათესავი, წყალტუბოში, აცხობს უგემრიელეს, განსხვავებულ პასკას. ამ პასკის ჭამაც ერთი დღესასწაულია ჩემთვის.

  • გიმოგზაურიათ თუ არა საქართველოში?

– აჭარაში ნამყოფი ვარ და ციხისძირში მიწის ნაკვეთიც მაქვს. ჩემი ოცნება იყო, რომ სახლი ამეშენებინა, მაგრამ ვერ მოვაგვარე ეს საქმე. მე მაინც იმედი მაქვს, როცა დაწყნარდება ყველაფერი, ციხისძირში ავაშენებ ძალიან კომფორტულ, ლამაზ პატარა სახლს, რომელიც იქნება მთლიანად მინის და იქნება ულამაზესი.

მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი. როცა ვმუშაობდი „ევექსში“, ორმოცამდე საავადმყოფო იყო ქსელში და ყველა შემოვლილი მაქვს. ასევე ვმუშაობდი რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში – იქ 20 საავადმყოფო იყო და ოცივე მაქვს შემოვლილი. პრაქტიკულად, საქართველოს რეგიონების 70 საავადმყოფო მაქვს შემოვლილი. საქართველოს რეგიონების საავადმყოფოების 80%-ს ვმართავდი. სასწაული და განსხვავებულია საქართველოს ყველა რეგიონი თავისებურად. ყველა რეგიონის საავადმყოფოში ხომ უმეტესად ადგილობრივი ექიმები არიან, ადგილობრივი ინტელიგენცია თავისებური კოლორიტით, მათგან ბევრ რამეს სწავლობ. ყველა საავადმყოფოში სხვადასხვანაირად გმასპინძლობენ.

  • თუ გახსენდებათ წიგნი, რომელიც ოდესღაც წაიკითხეთ და დღესაც კი შთაბეჭდილების ქვეშ ხართ, აღგაფრთოვანათ და შეგაყვარათ მწერალი?

-სამსახურიდან გამომდინარე, ბოლო დროს ძალიან ბევრ ტექნიკურ წიგნს ვკითხულობ. ძირითადად ტექნიკურ ანგარიშებს ვუთმობ დიდ დროს. დასანანია, რომ იმდენად ვეღარ ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას. სხვათა შორის, როცა ვკითხულობ, მაშინ მთლიანად ნაწარმოებში ვარ ჩაძირული, მაგრამ კითხვას როცა ვამთავრებ, გარკვეული დროის შემდეგ აღარ მახსოვს ბევრი რამ. ეს ჩემი ტექნიკაა, კითხვით ვიღებ სიამოვნებას. მაგალითად, ზოგი კითხულობს და ანალიზს აკეთებს. ჩემთვის წიგნის წაკითხვა მხატვრული ფილმის ყურებასავითაა; ფილმს როცა ვუყურებ, მთლიანად ამ ფილმში ვარ მთელი ჩემი ენერგიით და ემოციით. წიგნშიც ასევე ვარ… როცა კითხვას დავასრულებ, რომ მკითხოთ, ავტორი ვინ არისო, შეიძლება არ მახსოვდეს… ტექნიკური საბუთები სხვა ამბავია, სამსახურში ზეპირად უნდა იცოდე, რა – რომელ გვერდზეა, რა – რამდენი პროცენტია და ა.შ. ამიტომ ჩემი ყურადღების მთელი კონცენტრაცია სჭირდება საქმეს.

  • საქართველოში დაახლოებით 20 მარტისთვის „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

-კოვაქსის პლატფორმით ვაქცინების მოწოდების პროცესი საქართველოში არ წყდება. ვაქცინების გადანაწილების გადაწყვეტილებას ქვეყნების მიხედვით იღებს მხოლოდ კოვაქსი და ამაში ვერავინ ჩაერევა ვერანაირ დონეზე. რამდენიც არ უნდა დარეკო და შეაწუხო, არაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, ასეა.

ის დოზები, რომელიც შემოვა საქართველოში კოვაქსიდან, არის საკმარისი მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის 20%-თვის. ეს არ არის საკმარისი, რომ ვაკონტროლოთ ეპიდემია. ეპიდემიის კონტროლისათვის საჭიროა ვაქცინირებული იყოს მოსახლეობის 85%.

კოვაქსის პლატფორმაზე ქვეყანამ, ჩვეულებრივ, გადაიხადა ფული თავის დროზე და მორჩა – ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას, საქართველო სხვა ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ კოვაქსთან დაკავშირებით ამდენი აჟიოტაჟის ატეხვას აზრი არ აქვს. რაზეც ნამდვილად უნდა ვიმუშაოთ და ენერგია უნდა დავხარჯოთ, ეს არის დამატებითი დოზების შემოტანა.

ამიტომ საჭირო და აუცილებელია დამატებითი ვაქცინების შემოტანა, ამ მიმართულებით სახელმწიფომ უნდა იმუშაოს მუხლჩაუხრელად და რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ცნობილი ვაქცინების შემოტანის თარიღი, დრო, კონტრაქტი…

  • ცნობილია, რომ ივნისის ბოლოს საქართველოში ელოდებიან „ნოვავაქსის“ ვაქცინის შემოტანას, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მილიონ დოზაზე უშუალოდ მწარმოებელთან, აშშ-ში.

-სხვადასხვა ვაქცინის შემოტანაზე უკვე დაიწყეს მოსახლეობის მომზადება. ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით უმარტივესია, საქართველოში უნდა შემოვიდეს მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული და რეკომენდირებული ვაქცინა. თუ არ იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული, ასეთი ვაქცინა არ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში. ეს არის დანაშაული.

ჩვენ უკვე დავინახეთ კონკრეტული, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო შედეგები, როცა უხარისხო ტესტები შემოიტანა ქვეყანამ, შეცდომები იყო ასევე პირბადეების საკითხშიც – პირბადეების ხარისხიც კი ვერ გააკონტროლა სახელმწიფომ, და ვის მიერ უნდა გაკონტროლდეს ვაქცინა, რომელსაც შემოიტანს გაურკვეველი კერძო კომპანია?

აქვე მინდა დავამატო, საქართველოში როცა დავიწყეთ პლაქვენილით მკურნალობა, მაშინ FDA-საც (FDA – აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია) ჰქონდა თანხმობა გაცემული ამ პრეპარატზე, შემდეგ FDA-მ ამოიღო პლაქვენილი, საქართველომ კი მაინც გააგრძელა ამ პრეპარატით მკურნალობა. ისმის კითხვა: ერთ შემთხვევაში ვიყენებთ FDA-ს მიერ რეკომენდირებულ პრეპარატს, მეორე შემთხვევაში არ ვითვალისწინებთ მის რეკომენდაციას? ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სუვერენული ქვეყნის სააგენტო მაინც არის პოლიტიკური და სხვადასხვა ფარმაკომპანიების ზეწოლის ან ლობირების ქვეშ, იმიტომ, რომ მილიარდებზეა საუბარი.

ერთადერთი ორგანო დედამიწაზე, რომელიც არის ყველანაირი პოლიტიკისგან შორს და ძალიან ბევრ კომპანიას არ მოსწონს, არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს დამოუკიდებელ შეფასებას, ეს შეიძლება ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის – მიუღებელი.

წინასწარი მოლაპარაკებები უნდა იყოს „ჯონსონ & ჯონსონთან“, „ასტრაზენეკასთან“, „ნოვოვაქსთან“ და ბევრ სხვა პოტენციურ კომპანიასთან, მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა შემოვიტანოთ მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა: „კორონავირუსის პანდემია სავარაუდოდ 2022 წლის დასაწყისისთვის დასრულდება. მასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაჩნდა – დიაგნოსტიკა და ვაქცინებიც…“- რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

-ოპტიმიზმი ძალიან კარგია. იმედი მაქვს, რომ 2022 წელს დასრულდება პანდემია, მაგრამ ერთია სურვილი და მეორეა რეალობა. რეალური სურათი ასეთია: მსოფლიოში პანდემია როდის დასრულდება, სინამდვილეში ეს არავინ იცის. ერთადერთი, რაც ვიცით, შეიძლება შევამციროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეპიდემიის გავრცელება ქვეყანაში: თუ გამოვიყენებთ სამედიცინო პირბადეს, დავიცავთ ორმეტრიან დისტანციას, ხელებს ხშირად დავიბანთ… ვაქცინები და ახალი წამლები კიდევ გამოჩნდება, ამ ყველაფრის ერთობლიობა ერთად მოგვცემს საშუალებას, რომ შეიძლება შევამციროთ პანდემია, მაგრამ გარანტიას ვერავინ მოგვცემს. არავინ იცის ამ ვირუსის ყველა დეტალი, ჩვენ კიდევ ვსწავლობთ და ყოველ თვეში ეს ვირუსი ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს. კი, უნდა ვიყოთ ოპტიმისტები, მაგრამ მე ამ საკითხში ვარ უფრო პესიმისტი და უფრო პრაგმატისტი.

შესაძლებელია ევროპული ქვეყნები მთლიანად აიცრან, იქ ექვსი თვის შემდეგ ისევ მოხდეს ვაქცინაცია და ამის საფუძველზე ვივარაუდოთ იქ პანდემიის დამთავრება, მაგრამ ისეთ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ჯერ არც კი დაწყებულა (როგორიცაა საქართველო), ასეთი საუბარი ნაადრევია. სამწუხაროდ, საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, სადაც ეს პრობლემა შეიძლება გაგრძელდეს 2023 წლამდე.

  • ისრაელში საყოველთაო ვაქცინაცია დაწყებულია, აცრილია მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. ასე ვთქვათ, „ფაიზერის“ ვაქცინის მეოთხე ფაზის მასობრივი გამოცდა მოხდა ამ ქვეყანაში. სადღაც 4-5 თვის შემდეგ, აგვისტოს თვეში, ასე თუ ისე ცნობილი იქნება მოკლევადიანი შედეგები, როგორია გვერდითი მოვლენები, ან რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინას. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის იქნებ კარგიც არის, გვიან რომ შემოვა ვაქცინა?

-მსოფლიოში არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული, როგორც საბოლოო მოხმარებისათვის. ყველა ვაქცინა, რომელიც არის რეგისტრირებული, ეს არის როგორც დროებითი, გადაუდებელი, საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსაყენებელი. უკვე არსებული ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელსაც ბავშვებს უკეთებენ, ეს ახალი ვაქცინებია და ბოლომდე დამტკიცებული არ არის. ეს ნიშნავს, რომ ის კლინიკური კვლევები, რაც გვაქვს, გვაჩვენებს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, კარგია და ა.შ. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ რა შესაძლო შედეგები ექნება ამ ვაქცინას, ჯერჯერობით არავინ იცის, იმიტომ, რომ ვირუსი ახალია და ვაქცინა საერთოდ ახალია. ამას სჭირდება დრო.

რაც შეეხება კლინიკური კვლევების მეოთხე ფაზას, რომელზეც არავინ ლაპარაკობს, პრაქტიკულად, ისრაელის მთავრობამ გააკეთა ისეთი რამ, რაც უდიდესი ნაბიჯია კაცობრიობისათვის. ქვეყანა დათანხმდა, პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით აცრას მოსახლეობა. შესაბამისად დავინახავთ, რა შედეგები იქნება რეალურად, ამ აცრების შემდეგ.

კლინიკური კვლევების დროს ვაქცინას უკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ 18-დან 60 წლამდე ასაკის უჯანმრთელეს ადამიანებს. მოსახლეობის ვაქცინაციის დროს აიცრა ხალხი, რომელთაც აქვთ ათასი სხვადასხვა დაავადება – გენეტიკური, ქრონიკული, სხვადასხვა მძიმე დაავადება და ა.შ. ამის მეთვალყურეობა და აღრიცხვა მიმდინარეობს ძალიან მკაცრად და ყურადღებით. და ამის გამოვლენა, რა უკუჩვენება შეიძლება ჰქონდეს, ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, თუმცა, თუ რამე უკუჩვენება არის, ძირითადად პირველივე დღეებში ვლინდება. თუ პირველივე დღეებში არაფერი გამოვლინდა, ნიშნავს, რომ უკუჩვენება არ არის.

  • ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე წლის შემდეგ თუ შეიძლება იყოს უკუჩვენება ან რამე ცვლილება?

-ყველა ადამიანი განსხვავებულია, პარაცეტამოლი რომ პარაცეტამოლია, ისიც კი სხვადასხვანაირად მოქმედებს. ვაქცინამაც ასევე შეიძლება იმოქმედოს სხვადასხვანაირად, როგორც სამედიცინო პრეპარატმა. ნებისმიერ სამედიცინო საშუალებას აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ჩვენებები. ეს ნორმალური პროცესია. აქ არაფერია უცხო. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება დრო, რომ დავინახოთ სრული სურათი. ვინაიდან ისრაელის სახელმწიფომ მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია გადაწყვიტა, ამით ჩვენ დავინახეთ და კიდევ დავინახავთ ყველა იმ პოტენციურ უკუჩვენებას, რომელიც შესაძლებელია ჰქონდეს ამ ვაქცინას. აგვისტოს თვეში გვექნება უფრო ნათელი სურათი. ადრე რომ 2-3 წელი ველოდით კვლევების შედეგებს, ისრაელი ამას აკეთებს ხუთ თვეში, ასევე ბრიტანეთიც, სხვათა შორის…

ჩვენ, პრაქტიკულად, 3 წელიწადის ნაცვლად ჩავეტევით წელიწად-ნახევარში. ესეც ძალიან კარგი ამბავია. ამიტომ ვამბობ, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“. ის ვაქცინები, რომელიც საქართველოში შემოვა – ასე თუ ისე, უკვე გამოცდილი იქნება.

  • საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ვაქცინაზე უარს, დაახლოებით 60% წინააღმდეგია ვაქცინაციის, არა იმიტომ, რომ ანტივაქსერია ყველა, უბრალოდ, არ ენდობიან კორონას ვაქცინას, რომელიც ასე დაჩქარებული წესით მიიღეს და ჯერ გამოუცდელია, ამიტომ აქ საკმაოდ რთული იქნება მოსახლეობის 85%-ის ვაქცინაცია.

– მოსახლეობის 50%-ს არ უნდა ვაქცინაცია. ისმის ძალიან ლეგიტიმური კითხვა – ვის ვენდოთ?! საქართველოში ჩვენ არავის ვენდობით, სახელმწიფოს არ ვენდობით…

  • არა მარტო საქართველოში, ალბათ, მთელ მსოფლიოში…

– მაგალითად, ისრაელში ძალიან დიდი ნდობაა სახელმწიფოს მიმართ. შესაბამისად, იქ ვაქცინის მიმართ ნდობა უფრო მაღალია…

  • ბრიტანეთშიც ვაქცინაციის წინააღმდეგია მოსახლეობის დიდი ნაწილი.

– კი… სხვათა შორის, მსოფლიოში ყველაზე მეტად ვაქცინის წინააღმდეგი ფრანგებიც არიან. მეტსაც გეტყვით, რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებიც ვერ დავარწმუნე, რომ ვაქცინა გაიკეთონ.

ჩემი მოსაზრებით, ჩვენი სახელმწიფო არ მუშაობს იმისათვის, რომ კონკრეტულად აუხსნან მოსახლეობას ვაქცინაციის პლუსები და მინუსები.

ჩვენ გვყავს ხალხი, რომელთაც ჰგონიათ ყველაფერი იციან, ჰგონიათ, რომ წავიდნენ, მთელი ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშლება, ასეთ ხალხზე ვართ დამოკიდებული – ეს ხალხი კომუნისტურ ეპოქაშია გაზრდილი და ისევ იქ არიან. მათთვის უცხოა თანამედროვე ტექნოლოგიები, დღევანდელი პროგრესული მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემა, თუნდაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მხრივ, სულ სხვა სიმაღლეზეა.

მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორი ინფორმაციაა საჭირო. როცა ვაქცინა ჩამოვა, მჯერა, რომ იქნება „ქართული ვარიანტი“ – ბოლო წუთს სუფრას უცებ რომ აწყობ და ყველაფერი კარგად არის – აი, ასეთი შეგრძნება მაქვს.

ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტად არის ვაქცინის წინააღმდეგი, დამიჯერეთ, სწორედ ის ხალხი აიცრება ყველაზე პირველი. განსაკუთრებით ისინი, ასე აქტიურად რომ მებრძვიან სოციალურ ქსელებში, ისინი იქნებიან პირველი, გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. გაიკეთებენ ჩუმ-ჩუმად, ვერავინ რომ ვერ გაიგოს. იქნება ჩაწყობები, და მე იმაზე ვნერვიულობ, პირველი დოზები როცა ჩამოვა საქართველოში, რომელიც განკუთვნილია ჩვენი ექიმებისათვის, მედპერსონალისათვის, ეს დოზები არ წავიდეს ჩინოვნიკების ნათესავებისკენ, ნაცნობ-მეგობრებისაკენ.

  • იმედია, მასე არ იქნება, პატარა ქვეყანაა და აქ არაფერი დაიმალება. უკვე აღრიცხულია ყველა მედპერსონალი, ვინც ვაქცინა პირველმა უნდა გაიკეთოს.

-მე ვმართავდი საქართველოში 70 საავადმყოფოს, ბაზები რაც არის, ძალიან კარგად ვიცი. ვამბობ, რაც მოხდება რეალობაში…

  • წმინდა სინოდი მიესალმება საერთაშორისო დონეზე მიღებულ პოზიციას, რომ ვაქცინა იყოს ნებაყოფლობითი. მოსახლეობის ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის ან დევნის ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

-საპატრიარქოს პოზიცია არის ძალიან სწორი. ბევრი რაღაც არ მესმის საპატრიარქოსი, იმიტომ, რომ არ ვარ საქართველოში, ყველა მოვლენას ვერ მივადევნებ ყურადღებას. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო საპატრიარქომ. რამდენიმე სასულიერო პირსაც ვუსმინე, რომლებიც ძალიან სწორად მსჯელობენ, თქვეს, რომ ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, კითხვები უნდა დასვას და რაც უფრო მეტი ადამიანი დასვამს კითხვას – მით უკეთესი, სახელმწიფომ ყველა კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. მოქალაქემ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, აიცრება თუ არა. სახელმწიფო თუ კარგად ვერ გასცემს კითხვებზე პასუხს, ეს უკვე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. შენ თუ ხარ პროფესიონალი, ყველა კითხვაზე გასცემ პასუხს, რომელიც უნდა იყოს მკაფიო, კვალიფიციური და გასაგები.

მე ძალიან მომწონს საპატრიარქოს პოზიცია, თავიდან ბევრი სასულიერო პირი დაბნეული იყო, ვაქცინის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებდა. ვიცი, რომ ვირუსს სასულიერო პირები, მათი ოჯახის წევრებიც შეეწირა, მათ დაინახეს, რომ ეს სახუმარო არ იყო.

საღი გონება და პრაგმატიზმი არის ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს. ვფიქრობ, თუ ადამიანმა არცოდნის გამო შეცდომა დაუშვა, ეს არ არის დანაშაული. არავინ იცოდა და ახლაც ბოლომდე არ ვიცით, რა არის ახალი კორონავირუსი.

ის სასულიერო პირები, ის მოქალაქეები, რომლებმაც არ იცოდნენ ვირუსის შესახებ ბევრი რამ და ფიქრობდნენ, რომ თუნდაც რეგულაციები არასწორი იყო, სახელმწიფოს მაქსიმალურად პროფესიონალური, სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა მოსახლეობისთვის.

ძალიან დიდი ყურადღებით ვუყურებდი, როცა საპატრიარქოს პოზიცია გაჟღერდა, ცოტას ვნერვიულობდი კიდეც, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ამ მძიმე დროს პატრიარქი რომ ჩვენს გვერდით არის, ეს დიდი სიმდიდრეა ჩვენი ერისთვის. ასეთ მძიმე დროს ერთი ადამიანი მაინც არსებობს, რომელიც ყოველ წამს ფიქრობს ხალხზე და ქვეყანაზე. ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან. ჩვენი პატრიარქისნაირი ადამიანი არ არსებობს. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ასეთი პატრიარქი გვყავს. როცა ვისმენ, პატრიარქზე ცუდად ლაპარაკობენ, ძალიან სამწუხაროა და ძალიან ვბრაზდები.

  • კორონავირუსი, რომელსაც თქვენ უკვე ძველ კორონავირუსს ეძახით, როგორ ფიქრობთ, უკვე შესუსტდა და აღარ არის ისეთი ძლიერი? მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა ესპანური გრიპი იყო, სავარაუდოდ, ალბათ იმასაც ექნებოდა ახალი შტამები, თუმცა ორ წელიწადში გაქრა… ასევე სარსი, რომლის სიკვდილიანობა 10%-ია, ისიც ასევე მალე გაქრა.

-ესპანური გრიპი იყო ასი წლის წინ, ამ გრიპზე რაღაც ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ბევრი რამ არ ვიცით. უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს სარსის შესახებ. სხვათა შორის, ახალი კორონავირუსი და სარსი ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს. საერთოდ, ყველა ვირუსს თავიდან აგრესიულობა ახასიათებს, მერე ნელ-ნელა კარგავენ აგრესიულობას, გადაიქცევიან ჩვეულებრივ სეზონურ გრიპად და რჩებიან ჩვენთან ერთად.

  • სანამ საქართველოში ვაქცინა შემოვა და მოსახლეობა აიცრება, შესაძლოა, კორონავირუსის აგრესიულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს? ანუ ესეც გადაიქცეს სეზონურ გრიპად?!

-ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიყავი და, მე და ჩემი კოლეგები ვხუმრობდით, – იქნებ, დაიღალოს და თავი დაგვანებოსო. თუმცა უბედურება ის არის, რომ მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ქვეყანა არ არის დედამიწაზე, სადაც ეს ვირუსი არ არის.

ყველა ვირუსს ახასიათებს მუტაცია, ასევეა კოვიდ-19-ის შემთხვევაშიც. თითოეული ადამიანის ორგანიზმში პატარა მუტაციას განიცდის ვირუსი და სხვა ადამიანზე გადადის უკვე მუტირებული. მუტაციისას ვირუსი ზოგჯერ სუსტდება, ზოგჯერ კი უფრო ძლიერიც ხდება. ეს ნორმალური პროცესია. შეიძლება ლოკალიზაცია გაუკეთო და მოსპო კიდეც ვირუსი ერთ ქვეყანაში, მაგრამ ვინაიდან ის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, სხვადასხვა ქვეყანაში ჩნდება უკვე სხვადასხვა მუტაციები და შემდეგ ეს ახალი შტამები ვრცელდება – პანდორას ყუთივითაა, ამის შეკავება და კონტროლი უკვე ძალიან რთულია.

  • ჩვენთან ქვეყანაში ახალი ბრიტანული შტამის 33 შემთხვევაა დადასტურებული, 3 იყო იმპორტირებული და გამოვლენილია მათი 30 კონტაქტიც, უმრავლესობა ამბულატორიულად მკურნალობდა და ყველა გამოჯანმრთელდა.

-ბრიტანული შტამის კლასტერი მთლიანად უნდა იყოს გამოკვლეული, სამმა ადამიანმა დააინფიცირა 30 ადამიანი.

საზღვრები უკვე გახსნილია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მესამე ტალღა დაიწყოს ქვეყანაში. აეროპორტებიც გაიხსნა. მეორე ტალღა როგორ დაიწყო? ციდან ხომ არ ჩამოფრინდა? ადამიანებმა სხვა ქვეყნიდან შემოიტანეს ვირუსი და ასე გავრცელდა – ნოემბერ-დეკემბერში მოსახლეობის თითქმის 20% დაინფიცირდა.

ვირუსს აქვს 5-თვიანი ცირკულაცია, ხელახალი დაინფიცირება 5 თვის შემდეგაა შესაძლებელი, 5 თვის შემდეგ იმუნიტეტი ქრება. ვინც ნოემბერში დაინფიცირდა, აპრილში ისევ შეიძლება მოხდეს რეინფიცირება.

ბრიტანული შტამი უკვე გავრცელებულია ევროპაში – ჟენევაში 80% ბრიტანული შტამითაა ინფიცირებული. ბრიტანული შტამი ძალიან გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ბრიტანული შტამის გავრცელების გაკონტროლება შესაძლებელია კლასტერებზე მიდევნებით. კლასტერებზე მუშაობა არ უნდა შეჩერდეს, კლასტერის ძიება საშუალებას გაძლევს დაადგინო ყველა კონტაქტი, გამოავლინო ინფიცირებულები და ამით მინიმუმამდე შეამცირო ვირუსის გავრცელება. სანამ კლასტერებამდე არ დავალთ (როგორც 2020 წლის გაზაფხულზე, როცა ცნობილი იყო თითქმის ყველა კლასტერი), ეპიდემიას ვერ გავაკონტროლებთ. ეს არის ეპიდემიის კონტროლის საუკეთესო საშუალება და როცა კლასტერები არა გაქვს ქვეყანაში, ესე იგი ეპიდემია არის უკონტროლო.

მოსახლეობა დაიღალა ამდენი ხანი ჩაკეტვით, დეპრესიული ფონიც საკმაოდ გაიზარდა. ასევე მომატებულია ქრონიკული დაავადებების რიცხვი. ყველანი დავიღალეთ, ყველანი დავზარალდით, მეც დავზარალდი კორონავირუსით. ჩვენ უნდა აგვერჩია ორი მაგალითიდან – ისრაელის ან ჩინეთის მაგალითიდან – ერთ-ერთი, მაგრამ ავირჩიეთ მესამე – ქართული ვარიანტი. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, საჭიროა კომენდანტის საათის შენარჩუნება, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ადამიანების მისვლა-მოსვლა და კონტაქტი; მაგალითად, საფრანგეთში 6 საათზე იწყება კომენდანტის საათი, კაფე-ბარებიც დაკეტილია.

ამ დაავადების სტრუქტურული ძირითადი მაჩვენებელი უკვე ვიცით, როგორ უნდა ვუმკურნალოთ, როგორ უნდა ვმართოთ პროცესი. ასევე ვიცით, როგორ შეიძლება ამ ვირუსის შეჩერება, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ რეალურად, რომ შევაჩეროთ ვირუსი.

წესით და რიგით, მათემატიკური გათვლებით, მესამე ტალღა ძლიერი არ უნდა იყოს, დაახლოებით მეორე ტალღის ნახევარი. საქართველოში პირველი ტალღა არ იყო, გადავრჩით. ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ პატრულს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყველაფერს აკეთებდა ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყანაში.

ზოგ ქვეყანაში მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო. ახალი შტამები დაფიქსირდა თურქეთში – ბრაზილიური, სამხრეთაფრიკული და ბრიტანული. სამხრეთაფრიკული შტამის წინააღმდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინამ მხოლოდ 20%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

  • თუ სამხრეთაფრიკული შტამის წინააღმდეგ „ასტრაზენეკამ“ აჩვენა მხოლოდ 20%-იანი ეფექტიანობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ვაქცინა ვერ შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას და ავადობას, რატომ უნდა აიცრას მოსახლეობა ამ ვაქცინით?

-ჩვენ გვაქვს მეტნაკლებად ინფორმაცია, ვინც აიცრა ამ ვაქცინით, სტატისტიკის თანახმად, შეიძლება არ დაიცვა ვირუსისაგან, მაგრამ მძიმე ფორმაში არ გადაიტანა, მათ უფრო მსუბუქ ფორმებში გადააქვთ ვირუსი და სიკვდილიანობა შეამცირა. ექსპერტების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნაში წერია, რომ სამხრეთაფრიკული შტამის წინააღმდეგ ამ ვაქცინის ეფექტიანობა 20%-ია, თუმცა ამ შტამის წინააღმდეგ 20% ეფექტიანობა და სიკვდილიანობის შემცირება მაინც არის დადებითი ეფექტი, მთლად უარესს ხომ ჯობია.

  • მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოიხადა ვირუსი. ვირუსის შესუსტება ამანაც ხომ არ გამოიწვია?

-საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს აქვს კოვიდი მოხდილი. ბევრი ექსპერტი ფიქრობდა, რომ ჯოგური იმუნიტეტი იმუშავებდა ამ ვირუსის შემთხვევაში. ბრაზილიაში არის ქალაქი მანაუსი, ეს ითვლება „კოვიდის დედაქალაქად“ – იქ მოსახლეობის თითქმის 90%-ს აქვს მოხდილი ვირუსი, ეგონათ, ჯოგური იმუნიტეტი იმუშავებდა და ვირუსი აღარ გავრცელდებოდა. სამწუხაროდ, მეორე ტალღა ძალიან მძიმე აღმოჩნდა იქაც. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ჯოგური იმუნიტეტი ამ ვირუსის შემთხვევაში არ მოქმედებს.

როცა მ-რნმ ვაქცინაზე კვლევა ჩატარდა, გამოჩნდა, რომ ამ ვაქცინების ეფექტურობა 5-6 თვეა. საფრანგეთში არის პროტოკოლი – თუ მოიხადე კოვიდი, დაცული ხარ 5-6 თვე.

თქვენ რომ ნახოთ ისრაელის მთავრობის გამოშვებული სერთიფიკატი (ე.წ. კოვიდპასპორტი აცრილებისთვის), ძალიან საინტერესო რამ წერია, მითითებულია სახელი, გვარი, პირადი ნომერი… პირველი დოზა, მეორე დოზა… იქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამეც, ეს სერთიფიკატი ვალიდურია 6 თვე. ესეც ერთ-ერთი დამადასტურებელია იმის, რომ ეს ვაქცინა მუშაობს 5-6 თვე.

  • მსოფლიოში ასეულობით ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ, მათ შორისაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ უკვე დამტკიცებული Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა (ორჯერადი დოზით აცრის). ცნობილია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა არის ინფორმაციული ანუ მესენჯერ-რნმ (მ-რნმ) ვაქცინა, (ასეთივე მეთოდითაა დამზადებული ასევე „მოდერნას“ ვაქცინაც). ამ მეთოდით აქამდე არც ერთი ვაქცინა არ ყოფილა შემუშავებული. გთხოვთ მოსახლეობას აუხსნათ მოკლედ და რაც შეიძლება გასაგებად, რას ნიშნავს მ-რნმ ტექნოლოგია და აქვთ თუ არა შეშფოთების საფუძველი მ-რნმ ვაქცინით აცრის შემთხვევაში.

-რაც შეეხება მ-რნმ ტექნოლოგიას, ეს ახალი ტექნოლოგია არ არის, უკვე წლებია იყენებენ ამ ტექნოლოგიით დამზადებულ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინებს, ეს არის ახალი თაობის, ერთ-ერთი პროგრესული ინოვაცია კიბოს მკურნალობაში. ძალიან მიხარია, რომ ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწა, ამ ტექნოლოგიით ვაქცინების დამზადების დახვეწაზე ძალიან ბევრი რესურსი დაიხარჯა. მ-რნმ ვაქცინის ხალხს ეშინია სწორედ ამიტომაც, რომ არის შედარებით ახალი ტექნოლოგიის. მაშინ, დამიჯერეთ, აფთიაქშიც არ უნდა იყიდონ წამალი, რადგან ყველა ახალი წამალი დამზადებულია ახალი მეთოდოლოგიითა და ტექნოლოგიით, ახალი სისტემები, ახალი მიდგომებია გამოყენებული. ამ ლოგიკით ყველა ახალი წამალი უნდა იყოს მიუღებელი.

კიბოს ყველა ახალი წამალი არის დამზადებული ახალი ტექნოლოგიით.

საბოლოო ჯამში გამოდის, ბევრი ინფორმაცია მოსახლეობისათვის არის უფრო დამაზიანებელი – ბევრი ადამიანი ვერ იგებს ან იგებს ნაწილობრივ, შფოთავენ დნმ-ის ცვლილებაზე, შფოთავენ მესენჯერ-რნმ (მ-რნმ) ვაქცინებზე, ეჭვობენ რაღაც არარეალურ ვაქცინებით ჩიპიზაციაზე.

რეალურად, ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, მეცნიერებაში უდიდესი ნაბიჯი და იმდენად დიდი სიახლეა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი წავა კარგად და დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება და გაირკვევა.

ვაქცინასთან დაკავშირებით მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მთელი მსოფლიოდან არიან ისეთი ექსპერტები, მეც – მათ შორის, რომლებიც ძალიან კრიტიკულები არიან, დამიჯერეთ, საკითხების განხილვისას ხოცავენ ერთმანეთს, როგორც ჩვენი პოლიტიკური პარტიები, საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღონ და მოსახლეობისთვის საუკეთესო არჩევანი გააკეთონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არის ძალიან ბევრი რელიგიური ორგანიზაცია, მუსულმანები ძალიან კრიტიკულები არიან ყველაფერი ახლისადმი, საუდის არაბეთი, დუბაი და ა.შ. ძალიან კონსერვატორები არიან ყველანაირი ტიპის ემბრიონის საკითხისადმი – ბევრად უფრო კრიტიკულები, ვიდრე ქრისტიანები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არიან ებრაელები, მუსულმანები, ქრისტიანები, ბუდისტები და ა.შ. ყველას აქვს თავისი რელიგიური პრინციპები, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ყველა საკითხს; ვატიკანიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნაწილი. საქართველოში რომ ქართულად „თემას დაალაგებ“, იქ საქმე ასე არ კეთდება.

ამიტომაც ვამბობ: ჩვენ გვინდა მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინა და წამალი. იქ ისეთი ექსპერტები არიან, საეჭვო და ცუდი ვერ გავა, მილიარდიც რომ გადაიხადო, ვერ გავა! ზოგიერთი რომ ამბობს, თითქოს იქ გავლენა აქვს ჩინეთს ან ვიღაცას, ესაა აბსურდი!!! იქ იმდენად დამოუკიდებელი ექსპერტები არიან, ყველა თუ არ შეთანხმდა, თანხმობა ვერ იქნება ვერც ერთ საკითხზე. კიდევ კარგი, რომ ეს ორგანიზაცია არსებობს, თორემ ჩვენი საქმე ცუდად იქნებოდა. ჩვენ რომ ვყოფილიყავით მარტო ფარმაკომპანიების იმედად, თქვენ წარმოგიდგენიათ, რას გვიზამდნენ?! გაგვასწორებდნენ მიწასთან!!!

გაიხსენეთ, ამას წინათ, რამდენიმე პოპულარულმა ექიმმა საქართველოში დაიწყო ისრაელში გამოგონილი ახალი კოვიდსაწინააღმდეგო წამლის რეკლამირება. ეს არის კლინიკური კვლევა და მსოფლიოში ასეთი არის 200-მდე წამალი. არ შეიძლება ასე! პირდაპირ თუ არაპირდაპირ ამ ფარმაკომპანიებს უკეთებენ რეკლამას, ეჭვი მაქვს, ალბათ იმიტომ, რომ იშოვონ ფული, იმათ საერთოდ არ აინტერსებთ თქვენი კარგად ყოფნა.

ამიტომ არის საჭირო გამოცდილება, განათლება, დიპლომები.

  • წამალთან დაკავშირებით რას იტყვით, თუ იქნება ახლო მომავალში?

-2021 წელი არის ვაქცინების და წამლების წელი. რამდენიმე კარგი წამალი გამოჩნდება ბაზარზე, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს. დაახლოებით 10 ვაქცინის დამტკიცებაზე მიდის მუშაობა.

  • ჯერჯერობით ორი ვაქცინის მეტი არ არის დამტკიცებული.

-ეს ჯერჯერობით, თორემ რაც მეტი ვაქცინა იქნება, მით უკეთესია. ნეტავ, რუსული ვაქცინაც იყოს კარგი, ჩინურმა ვაქცინამაც გაამართლოს…

  • ჩინეთში რა მდგომარეობაა? იქ თითქმის აღარაფერი ისმის ვირუსზე, როგორც ვიცით, ყველაფერი გახსნილია, როგორ შეაჩერეს ვირუსის გავრცელება, თუ ჩინური ვაქცინა ცუდია?

-ჩინეთში ვირუსის გავრცელება შეაჩერეს ჩვეულებრივი ლოქდაუნებით. მაგალითისთვის, პარალელი რომ გავავლოთ, რას აკეთებენ ჩინეთში – საბურთალოზე ერთი ადამიანიც რომ დაინფიცირდეს და მთელი საბურთალო ჩაკეტონ 60 დღით. ვერავინ ვერსად გავა. იმ ადამიანებსაც კი, ვინც საბურთალოზე უბრალოდ გაიარეს, 60 დღე კეტავენ. ეს არის ჩინეთის სისტემა, ლოქდაუნი მუშაობს, ჩინეთში ვირუსი აღარ არის. როგორც კი სადმე ვირუსი გამოჩნდება, 20-მილიონიან ქალაქებს კეტავენ 60 დღით. სისტემა ასე აქვთ აწყობილი: ყველა ადამიანს აქვს მობილურში თავისი დომენი, ქუჩაში თავის ნებაზე ვერავინ გავა – იქ არის აპარატი, რომელზეც უნდა დაფიქსირდეს, და იქიდან იღებს ნებართვას, სახლიდან რომ გავიდეს და სახლში შევიდეს. ავტობუსშიც ვერ ავა, თავისი კოდი თუ არ დააფიქსირა. აპარატმა თუ წითელი აანთო, სახლიდანაც ვერ გავა. ტოტალური კონტროლია იქ ყველგან, ქუჩაში რომ დადიან, კამერით უყურებენ თითოეულ მოქალაქეს. დემოკრატიულ ქვეყანაში ამის გაკეთება რთულია. აი, ჩიპიზაცია და დიქტატურა სად არის!

  • ჰომეოპათიურ წამლებთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი, კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებაზე რას ფიქრობთ?

-„მადლი ღვთისა“ რომ გამოვიდა, გული გამისკდა…

მე ვარ პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც გაზარდა დოქტორანტი (ჩემი სტუდენტი იყო), ვინც დაიცვა სადოქტორო ტრადიციულ და ალტერნატიულ მედიცინაში, ეს პირველი სადოქტოროა საქართველოში ამ თემაზე. მე ყოველთვის ვაკეთებ იმას, რასაც არავინ აკეთებს… არატრადიციული მედიცინა უნდა იყოს დამატებითი საშუალება, თუმცა ბოლომდე არ გვაქვს შესწავლილი და აუცილებლად ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ძალიან ბევრი შარლატანია, მაგრამ ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტრადიცია საქართველოში, რომელიც ნელ-ნელა კვდება, იკარგება ეს ცოდნა. ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ძალიან ბევრი ბალახეული წამლების დამზადების ტრადიცია გვაქვს საქართველოში, განსაკუთრებით მთაში. სულ ამაზე ვკამათობ, ჩვენი კოლხი მედეა მედიცინის ფუძემდებლად ითვლება მსოფლიოში, ეს ცოდნა მედეამ წაიღო ევროპაში. ქუთაისი რომ არ ყოფილიყო, მედიცინა არ იქნებოდა.

ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი ექსპერტი დიდ ზიანს აყენებს ამ მიმართულებას. ვფიქრობ, რომ ალტერნატიული მედიცინა უნდა იყოს აუცილებლად რეგისტრირებული ოფიციალურად, როგორც ინდოეთში, ცალკე სამინისტროც აქვთ, შარლატანები და უბედურებები რომ არ იყოს. რაც კარგია და სარგებელი მოაქვს, იმის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, გისურვებთ წარმატებებს.

ესაუბრა ირინა დათაშვილი
 
 
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები