მომდევნო წლებში თბილისს, ბათუმსა და თელავს ახალი სავაჭრო ცენტრები შეემატება. ამის შესახებ კომერციული უძრავი ქონების შესახებ თიბისი კაპიტალის 2024 წლის მიმოხილვაშია აღნიშნული. მიმოხილვის თანახმად, თბილისში აღსანიშნავია თბილისი აუთლეტ ვილიჯი, რომელიც მიმდინარე წელს გაიხსნება და ასევე სავაჭრო სახლი “ბავშვთა სამყარო”, რომელზეც სამშენებლო ნებართვა 2024 წელს გაიცა.
ამასთან, თიბისი კაპიტალის თანახმად, მომდევნო წლებში ბათუმს ორი სავაჭრო ცენტრი შეემატება: ორბი სითი და მსოფლიო სავაჭრო ცენტრი. ხოლო, თელავში ახალი სავაჭრო ცენტრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად, კომერციული უძრავი ქონებაც, ძირითადად თბილისშია კონცენტრირებული.
„თბილისში 10 თანამედროვე, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელთა ჯამური გასაქირავებელი ფართი 291 728 კვ.მ-ს შეადგენს. ბათუმში წარმოდგენილია 5 სავაჭრო ცენტრი, რომელთა ჯამური გასაქირავებელი ფართი 53 901 კვ.მ-ს შეადგენს. ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში წარმოდგენილი სავაჭრო ცენტრები ძირითადად სავაჭრო ცენტრებისა და ღია ბაზრობების კომბინაციას წარმოადგენენ. ზუგდიდს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი 2023 წელს შეემატა, სადაც წარმოდგენილია ქსელური მაღაზიები, საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები“, – წერია მიმოხილვაში.
რაც შეეხება საშუალო იჯარას, თიბისი კაპიტალის მიმოხილვის თანახმად 2024 წელს თბილისის კვ.მ-ზე 24.1 დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით, 7.4%-ით მაღალია. ბათუმის სავაჭრო ცენტრებში კი იჯარა საშუალოდ კვ.მ-ზე 23.1 დოლარი იყო, ანუ 5%-ით მაღალი, ვიდრე 2023 წელს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია