IG Development კომპანია თბილისის სავაჭრო უძრავი ქონების პორტფელის განვითარებას განაგრძობს. ჰოლდინგი “სითი მოლი საბურთალოზე” და “გლდანი მოლში” აქტიური სამშენებლო სამუშაოები ატარებს, ხოლო ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე ახალი სავაჭრო ცენტრის შექმნაზე ზრუნავს.
News.ge-ის ინფორმაციით, საბურთალოში განხორციელდება “სითი მოლის” მოცულობის გაორმაგება, რისთვისაც კომპანიამ მიმდებარე მიწის ნაკვეთები უკვე შეიძინა. პროექტი მოიცავს 1 000-ზე მეტი საპარკინგე ადგილის დამატებას, შენობის, ინტერიერისა და ექსტერიერის ხარისხის ამაღლებას, აგრეთვე ახალი საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას. სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპი ქავთარაძის ქუჩის მხრიდან შესასვლელს მოიცავს, მეორე ეტაპზე კი არსებული შენობის სრული განახლება დაგეგმილია.
“გლდანი მოლის” პირველი ეტაპი უკვე ექსპლუატაციაშია, ხოლო გაფართოების მეორე ფაზა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე დაგეგმილი ახალი სავაჭრო ცენტრის საერთო სამშენებლო ფართობი დაახლოებით 120 000 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც უშუალოდ საიჯარო ფართი 60 000 კვადრატულ მეტრს დაეთმობა. News.ge-ის ინფორმაციით, პროექტი სრულფასოვანი კონცეფციით განხორციელდება, რომელიც მოიცავს წამყვან ბრენდებს, გასართობი სივრცეებს, კინოთეატრებს, ფიტნესდარბაზს, რესტორნებს და კაფეებს.
წყარო: News.ge — ორიგინალი პუბლიკაცია · განახლდა 9 ოქტომბერი

