სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 12 ნოემბერს, 19.00 საათზე გაიმართება „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები”-ს 2026 წლის სეზონის დასკვნითი გალა-კონცერტი „თამარ ლიჩელი და მეგობრები”.
News.ge-ის ინფორმაციით, საღამო ერთ სცენაზე გააერთიანებს გამორჩეულ ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს, რომლებიც მსმენელს მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებენ. კონცერტში მონაწილეობენ თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, დავით ალადაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიგი პიანომენი, ნატალია ქუთათელაძე, ირაკლი ევსტაფიშვილი, გიორგი ხაინდრავა, ნოდარ მდივანი, ნათია ქავთარაძე, გიორგი შავერზაშვილი და თემურ გუგუშვილი.
ტრადიციისამებრ, დასკვნითი კონცერტი ახალი მუსიკალური ნაწარმოებების პრემიერებს დაეთმობა. სერია 2024 წელს თამარ ლიჩელის ინიციატივით დაარსდა და მოკლე დროში მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოიპოვა მუსიკალურ წრეებში და ფართო საზოგადოებაში.
პროექტი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას ემსახურება. დაარსებიდან დღემდე კონცერტების სერია თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში — გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, სენაკში, ხონში, წყალტუბოსა და ბორჯომში გაიმართა. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო”, თბილისის მერია და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.
წყარო: News.ge — ორიგინალი პუბლიკაცია · განახლდა 10 ნოემბერი

