თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მასპინძლობით თბილისში „UITP ევრაზიის ურბანული სარკინიგზო ფორუმი – 2026″ ჩატარდა. News.ge-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მეტროპოლიტენის კომიტეტის და დივიზიის შეხვედრები, ასევე UITP-ის ევრაზია MENA-ს ურბანული სარკინიგზო პლატფორმის და ევრაზიის საბჭოს შეხვედრები გაიმართა.
პროგრამა მოიცავდა კომიტეტისა და დივიზიის სხდომებს, სამუშაო სესიებს, ქსელურ ღონისძიებებსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპოში ტექნიკურ ვიზიტებს. ღონისძიების მიზანი იყო ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება და სექტორის წინაშე არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.
მონაწილეებმა განიხილეს ურბანული სარკინიგზო სისტემების დაფინანსებისა და რეგულირების მოდელები, სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურის მართვა და მოვლა-პატრონობა, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო გადაწყვეტილებები, ასევე მგზავრებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო მეტროპოლიტენების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი კომპანიების, საჯარო უწყებების, ინდუსტრიის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.
News.ge-ის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 2006 წლიდან წარმოადგენს UITP-ის წევრ ორგანიზაციას და ასოციაციასთან თანამშრომლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, განსაკუთრებით ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით.
წყარო: News.ge — ორიგინალი პუბლიკაცია · განახლდა 26 ნოემბერი

