შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში და რეგულარულ ფრენებს იწყებს ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით. აღნიშნული რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში ტურიზმისა და ავიამიმოსვლის შესაძლებლობებს.
“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე გლობალური საავიაციო ჯგუფის წარმომადგენელი კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ციურიხი- სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ისტორიულად ამ მიმართულებით აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან არ განხორციელებულა ფრენები”, – განაცხადა, აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ.
Edelweiss-ი სპეციალიზდება საკურორტო მიმართულებებზე და მიზნად ისახავს შვეიცარიიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.
Edelweiss 29 წლის წინ დაარსდა და Swiss International Airlines-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ავიაკომპანია ფრენებს ციურიხიდან 90 მიმართულებით აწარმოებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის კონტინენტზე.
ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელი გახდა Edelweiss-ის და Swiss International Airlines-ის ვებსაიტებზე. ახალი რეისების დაწყება მნიშვნელოვნად გააფართოებს ფრენების არჩევანს საქართველოსა და შვეიცარიას შორის.
მასალის გამოყენების პირობები