ახალი ხეივანი მოეწყობა თბილისში, აეროპორტის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე. ამ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მწვანე სივრცე ეძლევა, რომელიც როგორც დასვენების, ისე ვარჯიშისათვის იქნება განკუთვნილი.
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. მერის თქმით, აღნიშნული პროექტი თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდებოდა.
„ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდებოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ მცხოვრებ ადამიანებს, რადგან კარგი თანამშრომლობა შედგა. აქ იყო ავტოფარეხები, რაც პრობლემას წარმოადგენდა ამ სივრცისთვის. ასევე მიმდებარე კორპუსის შემოღობილი ტერიტორიები მთლიანად გასუფთავდა, ავტოფარეხებიც დაიშალა და ეს ტერიტორია მთლიანად პარკისთვის იქნება გამოყენებული. გაზაფხულზე დავასრულებთ სამუშაოებს. ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა და ძალიან მიხარია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება მწვანე სივრცე, დასვენებისთვის და ვარჯიშისთვის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტი 1,1 ჰექტარ ფართობზე ხორციელდება და მოიცავს შემდეგი ნაბიჯება:
- 2 საბავშვო მოედანი
- სავარჯიშო სივრცე
- საფეხმავლო ბილიკები
- განათების სისტემები
- პარკინგი.
ასევე, პროექტი მოიცავს გამწვანების სამუშაოებს, სადაც ნოყიერი მიწის ნაზავი შევა და ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგება. ეს სამუშაოები არა მხოლოდ გამწვანების, არამედ გარემოს სისუფთავისა და ხარისხის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.
პროექტის ღირებულება 2,200,000 ლარს შეადგენს. სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ ახალი მწვანე სივრცით.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე.
მასალის გამოყენების პირობები