თბილისში, დიდუბეში, 11 ნოემბერს ორი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. პოლიციის ცნობით, დაკავებული ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცოლ-ქმარს მათივე საცხოვრებელ კორპუსში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა.
პოლიციის თქმით, დანაშაულს წინ ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები უძღოდა — კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. სამართალდამცველების განცხადებით, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. ეს მუხლები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინციდენტის შესახებ პირველად 11 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც დიდუბეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ, ერთ-ერთ კორპუსში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი გავრცელდა. შსს-მ ინფორმაცია დაადასტურა, ადგილზე კი პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
წყარო: ნეტგაზეთი
#drpkhakadze #sheniekimi

