საქსტატის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონია. ეს აღწერის წინა შედეგებთან შედარებით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა 5%-ით, ანუ 200 ათასით მეტია.
საქსტატმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა. აღწერის მიზანს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა წარმოადგენდა და ის უშუალოდ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის დადგენას არ ისახავს მიზნად, რადგანაც აღწერის დროს აღირიცხებიან ის პირებიც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას არ ფლობენ თუმცა ქვეყანაში ცხოვრობენ და უცხოელ ემიგრანტებს წარმოადგენენ.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით ბოლო 10 წელიწადში თბილისის მოსახლეობა 221 ათასით გაიზარდა და მან 1.33 მილიონს მიაღწია. ეს 20%-იან მატებას წარმოადგენს.
თბილისის შემდეგ ზრდის მიხედვით მეორე ადგილზეა ბათუმის მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობაც 10 წელიწადში 82 ათასით გაიზარდა, რაც 53%-იანი მატებაა. თუმცა, ამ რეგიონებისგან განსხვავებით, მოსახლეობა შემცირებულია იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. მათ შორის ყველაზე მკვეთრად, 28 ათასი ადამიანით, იმერეთის მოსახლეობა არის შემცირებული, პროცენტულად კი ყველაზე დიდი 11%-იანი კლება გურიაშია, რომლის მოსახლეობაც ბოლო 10 წელიწადში 12.6 ათასით არის შემცირებული.
შესაბამისად, თბილისს, ბათუმსა და რუსთავს მიღმა საქართველოს მოსახლეობა მცირდება.
2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა
საქართველოს რეგიონი | მოსახლეობის რაოდენობა 2024 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით | ზრდა/კლება 2014 წლის აღწერის შედეგებთან მიმართებით | ზრდა/კლება პროცენტულად |
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი | 1,33 მილიონი ადამიანი; | +221.4 ათასი ადამიანი; | +20% |
იმერეთი | 505.5 ათასი ადამიანი; | -28.4 ათასი ადამიანი; | -5% |
ქვემო ქართლი | 438.4 ათასი ადამიანი; | +14.4 ათასი ადამიანი; | +3% |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | 401.1 ათასი ადამიანი; | +67.1 ათასი ადამიანი; | +20% |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 309.1 ათასი ადამიანი; | -21.7 ათასი ადამიანი; | -7% |
კახეთი | 301.4 ათასი ადამიანი; | -17.2 ათასი ადამიანი; | -5% |
შიდა ქართლი | 250.6 ათასი ადამიანი; | -12.8 ათასი ადამიანი; | -5% |
სამცხე-ჯავახეთი | 152.3 ათასი ადამიანი; | -8.2 ათასი ადამიანი; | -5% |
გურია | 100.8 ათასი ადამიანი; | -12.6 ათასი ადამიანი; | -11% |
მცხეთა-მთიანეთი | 95.7 ათასი ადამიანი; | +1.1 ათასი ადამიანი; | +1% |
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 28.9 ათასი ადამიანი; | -3.2 ათასი ადამიანი; | -10% |