თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა 20 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართეს და რიგით 27-ე ფესტივალის დეტალები გამოაცხადეს. ფესტივალი 29 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გაგრძელდება, ჩვენებებს კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს.
ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღით ადრე დაიწყება — ონლაინ და „ამირანის“ სალაროში. ფესტივალის გახსნაზე მაყურებელი 2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული რეჟისორის, პაველ პავლიკოვსკის ფილმს „სამშობლო“ იხილავს. პროგრამა 80-მდე ქართულ და უცხოურ ფილმს მოიცავს. კინოჩვენებების ბადე დღეებისა და საათების მიხედვით, ფესტივალის დირექტორის, გაგა ჩხეიძის თქმით, მომდევნო კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.
სექციები და ჯილდოები
პროგრამა მოიცავს სექციებს: „ევროპული ფორუმი“, „დამზადებულია გერმანიაში“, „ფრანგული კოლექცია“, „იტალიური პალიტრა“, „დოკუმენტური სამყარო“, „უკრაინული ამბები“, „აპოლო: კინოს მეხსიერება“, „ქართული პანორამა“ და „განსაკუთრებული სეანსები“. „ქართული პანორამა“ საკონკურსო სექციაა; ოფიციალური პრიზი „ოქროს პრომეთე“ ოთხ კატეგორიაში გადაეცემა: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
საკონკურსო ფილმებს ორი ჟიური შეაფასებს, თითოეული სამი წევრისგან შედგება. მხატვრული ფილმების ჟიურიში არიან რეჟისორები ნინო ჟვანია და ილო ღლონტი და მხატვარი და მსახიობი გუგა კოტეტიშვილი; დოკუმენტური ფილმების ჟიურიში — რეჟისორი კოტე კალანდაძე, პროდიუსერი და რეჟისორი მარიკა ჭაჭია და კინომცოდნე დიანა მაღლაკელიძე.
ევროკავშირი ორ ჯილდოს გასცემს „ქართულ კინოში ადამიანის უფლებების საუკეთესო ასახვისთვის“, ხოლო დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულს სპეციალური ფულადი პრიზით დააჯილდოვებს. წელს პირველად ონლაინ გამოცემა OC Media კავკასიაში გადაღებული საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის პრიზს გადასცემს. „საპატიო პრომეთეს“ მფლობელები იქნებიან ქართველი რეჟისორი დიტო ცინცაძე და გერმანელი მსახიობი და მწერალი ჰანს ციშლერი.
წყარო: პუბლიკა
#drpkhakadze #sheniekimi

