თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის ექვსთვიანი შედეგები გააცნო. მისი ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებიდან ექვს თვეში 10 088 მოქალაქის კვლევა დაფინანსდა.
თბილისის მერიამ პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. მოქალაქეებს დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის სრულიად უფასოდ ჩატარება 27 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. კვლევები ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა დააფინანსა.
ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა
კალაძის თქმით, ჩატარებული კვლევის მიხედვით, 140 მოქალაქეს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევები ურჩიეს. უფასო სკრინინგის გავლა შეუძლიათ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით პირებს, რომლებიც თამბაქოს აქტიური მომხმარებლები არიან ან ბოლო 15 წლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებეს.
მერის განმარტებით, სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს, რაც წარმატებული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი თქმით, პრევენციული თვალსაზრისით წინასწარი გამოკვლევების ჩატარება მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, სკრინინგი არ გადადონ და მუნიციპალიტეტის პროგრამით ისარგებლონ. მან შეახსენა, რომ პროგრამით სარგებლობა სრულიად უფასოა.
წყარო: თბილისის მერია
#drpkhakadze #sheniekimi

