თბილისში, დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ, გზის აღდგენითი, ნაპირსამაგრი და საგზაო-სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულდა. საავტომობილო მოძრაობა ამ მონაკვეთზე უკვე სრულად აღდგენილია და გადაადგილება უსაფრთხოა.
საპრევენციო სამუშაოები თბილისის მერიამ აპრილში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მტკვრის სანაპიროზე გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მერის შესაბამისმა სამსახურებმა ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალეს და ტერიტორიაზე გადაუდებელი უსაფრთხოების ზომები გატარდა.
დამატებითი კვლევებით დადგინდა, რომ გზის ჩანგრევა გამოწვეული იყო მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით, ასევე მტკვრის ჰიდროდინამიკური ზემოქმედებით ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და სეზონური მერყეობით მიწისქვეშა წყლების დონეში.
აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში:
- კალაპოტში დროებით ჩაეშვა ლოდები და ბეტონის ბლოკები სტაბილურობის უზრუნველსაყოფად;
- მოეწყო ხიმინჯოვანი კედელი;
- აღდგა დაზიანებული სავალი ნაწილი და დაიგო ახალი ასფალტის საფარი.
ამ დროისთვის დასრულებული ძირითადი სამუშაოების გარდა, დარჩენილია მდინარის მხარეს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რკინაბეტონის ფარდის მოწყობა, ბეტონის ბლოკების ამოღება და ხიდის მოაჯირების მოწყობა. აღნიშნული ეტაპების დასრულება ივლისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი — მას შემდეგ, რაც მტკვარში წყლის დონე დაიწევს.
აღდგენითი პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს და მას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
შესრულებული სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან, საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი აბუთიძესთან, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ უგულავასა და მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად დაათვალიერა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია