2025 წლის 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საგამოცდო დღეებში ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან.
„ახლოვდება ეროვნული გამოცდები. მინდა, აბიტურიენტებს წარმატებები ვუსურვო და მივაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია. 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
N39-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან. N147-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა). ხოლო N103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი). საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლებში – 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




