თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება სანდრო მრევლიშვილის თეატრის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით გაიმართა. საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიმართა, ისაუბრა სანდრო მრევლიშვილის შემოქმედებაზე და თეატრის დასს წარმატება უსურვა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვართ სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლის იუბილეზე. ნახევარ საუკუნეში ეს თეატრი უნიკალური სივრცე გახდა, სადაც მრავალი საინტერესო დადგმა განხორციელდა. თბილისის მუნიციპალიტეტი კვლავაც მზად არის ხელი შეუწყოს თეატრის შემოქმედებას,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ მრევლიშვილი.
როგორც აღინიშნა, 1973-1974 წლებში სანდრო მრევლიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა საბჭოთა კავშირში პირველი სახელმწიფო ახალგაზრდული სივრცე „მეტეხის თეატრი“, რომელიც მეტეხის ტაძარში განთავსდა. 1989 წელს თეატრმა ტაძარი ეკლესიას დაუბრუნა, და 1995 წლიდან ის „ძველი სახლის“ შენობაში გააგრძელა საქმიანობა.
2004 წელს, სანდრო მრევლიშვილის ინიციატივით, ლეონიძის ქვედა ბაღში დაარსდა ახალი თეატრი „გლობუსი“, რომელიც გასცდა ტრადიციულ ჩარჩოებს და შემოქმედებით პროცესში ახალგაზრდა მსახიობები ჩაერთვნენ. თუმცა, 2007 წელს პოლიტიკური მოტივებით თეატრი დაიხურა.
2014 წელს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, თეატრმა მუშაობა განაახლა. 2021 წელს მას სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 50 წლის მანძილზე შეკრებილი უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც თეატრის ისტორიას „მეტეხის თეატრიდან“ დღემდე ასახავდა. დასასრულს, ღვაწლმოსილ თეატრალებს და ერთ ახალგაზრდა რეჟისორს სანდრო მრევლიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცათ.
ღონისძიებას დაესწრნენ ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, სანდრო მრევლიშვილის ოჯახის წევრები, თეატრალური საზოგადოების წევრები და ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები.
მასალის გამოყენების პირობები