თბილისის მერიამ ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობის შემოწმება დაასრულა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საცხოვრებლად უვარგისია მხოლოდ ორი სადარბაზო. სასტუმროებში გადაყვანას სულ 28 ოჯახი საჭიროებს.
როგორც მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კორპუსის შემოწმება მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად განახორციელა. კალაძის თქმით, პრობლემურია უშუალოდ ის სადარბაზო, რომელიც აფეთქდა, და მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია და ადამიანებს ცხოვრების გაგრძელება შეუძლიათ.
საუბარია ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის ხუთსართულიან კორპუსზე, რომელშიც დაახლოებით 90 ოჯახი ცხოვრობს. კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტს თავდაპირველად მზაობა ჰქონდა, სასტუმროებში კორპუსის მცხოვრები ყველა 90 ოჯახი გადაეყვანა, თუმცა ექსპერტიზის შედეგების გათვალისწინებით ამის აუცილებლობა აღარ არსებობს.
მერის განმარტებით, ახლა საუბარია 28 ოჯახზე, დაახლოებით 143 ადამიანზე, რომლებთანაც უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ და ყველამ თანხმობა განაცხადა. ეს ადამიანები სხვადასხვა სასტუმროში განთავსდებიან. კალაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო და აუცილებელი იქნება დახმარებისთვის.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით მერმა თქვა, რომ სამუშაოები გრძელდება და ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო და საჭირო ტექნიკა. მისი თქმით, ოპერაციის დეტალებსა და სირთულეებზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, ახალი ინფორმაცია კი საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება.
წყარო: ნეტგაზეთი
#drpkhakadze #sheniekimi

