რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრის თან იყვნენ მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
News.ge-ის ინფორმაციით, მინისტრმა დაათვალიერა თბილისის №11 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები. მუნიციპალური განვითარების ფონდი 650 მოსწავლეზე გათვლილ ახალ სკოლას აშენებს, რომლის პროექტის ღირებულება 14.3 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. რევაზ სოხაძე ასევე გაეცნო თბილისის №128 საჯარო სკოლის დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობას, რომელიც 300 მოსწავლეზე გათვლილი და 9.1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია.
მინისტრი და უწყებების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ თბილისის №113 და №116 საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობას. №113 სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია, ხოლო მომდევნო კვირას გამოცხადდება ბაზრის კვლევა 200 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება-მშენებლობის ტენდერის მოსამზადებლად. №116 სკოლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, რომ არსებული შენობის ნაცვლად აშენდება ახალი, გაზრდილი მოცულობის სკოლა, რის მიზნით დაიწყება საპროექტო დავალების მომზადება.
წყარო: News.ge — ორიგინალი პუბლიკაცია · განახლდა 14 ოქტომბერი

