გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის მინისტრ აკილ ტოქტობაევთან შეხვედრა გამართა.
News.ge-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, მდგრადი განვითარების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და ყირგიზეთს მნიშვნელოვანი საერთო პრიორიტეტი აქვთ კლიმატის მდგრადობის, წყლის, სოფლის მეურნეობის, ტყეების, ნარჩენების მართვისა და მთის ეკოსისტემების სფეროებში. მან აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, გააზიაროს საკუთარი გამოცდილება ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და სამრეწველო ემისიების მიმართულებით.
ყირგიზეთის მინისტრმა აკილ ტოქტობაევმა გამოთქვა დაინტერესება საქართველოსთან გამოცდილების გაზიარებით კლიმატის დაფინანსების, მწვანე ფინანსური მექანიზმებისა და დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ რეგიონული დიალოგის შემდეგ განსაზღვრონ თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმუშაონ.
წყარო: News.ge — ორიგინალი პუბლიკაცია · განახლდა 6 ოქტომბერი

