ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა.
აფეთქება სავარაუდოდ, ორთაჭალაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. ინციდენტი იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.
„აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით შემოვიდა ინფორმაცია, თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების გამოცხადდნენ ადგილზე. ერთი შეხედვით ბუნებრივი აირის არსებული ქსელი ნორმის ფარგლებშია, რაც გარედან ვიზუალურად ჩანს“, – აცხადებენ თბილისი ენერჯიში.
თუმცა, მიუხედავად ამისა, აფეთქების მიზეზი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ცნობილი. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აფეთქების ზუსტი მიზეზის დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს. მინისტრი აღნიშნავს, რომ სავარაუდოა გაზის გაჟონვამ ან ქსელის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია კატასტროფა.
„უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტი მიზეზი გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება რომ ვთქვათ. სავარაუდოდ, საუბრობენ გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც აფეთქება გამოიწვია. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულისაა, ძირითადად, ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ, ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ადგილზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ დაშავებულები მოინახულა და მათი მდგომარეობა შეამოწმა. მისი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ბავშვია, რომელიც თავს შედარებით კარგად გრძნობს.
ამ ეტაპზე, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო სახელმწიფო უწყებები მიზეზის დეტალურად გამოკვლევას გეგმავენ.
#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi
მასალის გამოყენების პირობები