თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც კომპანია „ტავ ჯორჯია“ მართავს, წარმატებით გაიარა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) აუდიტი და კიდევ ერთხელ მოიპოვა ISAGO-ს (IATA Safety Audit for Ground Operations) სერთიფიკატი, რაც სახმელეთო ოპერაციების მაღალი სტანდარტისა და უსაფრთხოების გარანტიაა.
ISAGO წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ სტანდარტს, რომელიც აეროპორტში მიწისზედა მომსახურების გამართულობას, უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას აკონტროლებს. IATA-ს აუდიტის საფუძველზე მიღებული სერთიფიკატი ნიშნავს, რომ თბილისის აეროპორტის ოპერაციები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, რაც მგზავრთა მომსახურების ხარისხსპირდაპირ უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის აეროპორტს ISAGO-ს სერთიფიკატი უკვე ჰქონდა, თუმცა 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარებული რესერთიფიცირების აუდიტი წარმატებით გაიარა, რის შედეგადაც სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2 წლით განახლდა.
კომპანია „ტავ ჯორჯია“, რომელიც უკვე 20 წელია მართავს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს, აღნიშნავს, რომ მათი უმთავრესი პრიორიტეტი მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვაა.
„ISAGO-ს სერთიფიკატის შენარჩუნება აეროპორტისთვის არა მხოლოდ პრესტიჟულია, არამედ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მთავარი აეროპორტის მიმართ ნდობის გაზრდას ავიაკომპანიების მხრიდან, რომლებიც უკვე ოპერირებენ ან დაინტერესებულნი არიან ჩვენს ბაზარზე შემოსვლით,“ — აცხადებენ კომპანიაში.
IATA-ს მიერ გაცემული განახლებული სერთიფიკატი ოფიციალურად გადაეცემა 2025 წლის ოქტომბერში, რაც ნიშნავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში კვლავ სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო მიწისზედა ოპერაციების ყველა მოთხოვნას.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




