ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ₾1.815 მლრდ დაიხარჯა — თბილისის მერია

თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ₾1.815 მლრდ დაიხარჯა — თბილისის მერია

თბილისის ბიუჯეტიდან ბოლო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1 815 000 000 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შემაჯამებელ პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომელსაც დღეს თბილისის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი უძღვებოდნენ.

ინფრასტრუქტურის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას, გამოიყო დედაქალაქში საყრდენი კედლების მშენებლობის კუთხით განხორციელებული პროექტები. ირაკლი ბენდელიანის თქმით, დედაქალაქში, სამწუხაროდ, ბევრია მეწყერსაშიში არეალები, რომელთა მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.

„თბილისის ტერიტორიაზე პერიოდულად, შესაბამის სამსახურებთან ერთად ვახორციელებთ ისეთი არეალების მონიტორინგს, სადაც ადგილი აქვს მეწყრული პროცესების განვითარებას. ასეთი ადგილები, სამწუხაროდ, ბევრი გვაქვს თბილისში, თუმცა, მუდმივი მონიტორინგის შედეგად, ტარდება პრევენციული ღონისძიებები“, – აღნიშნა მერის მოადგილემ და მაგალითად მოიყვანა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული კლდოვანი ფერდი, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთი საყურადღებო ადგილია.

„აქ თითქმის ყოველი ნალექიანი ამინდის დროს, ქვათაცვენას ჰქონდა ადგილი. ამიტომ მთლიანად ფერდის გაყოლებაზე მოვაწყვეთ ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები და ამ მიმართულებითაც პრობლემა მოხსნილია. გარდა ამისა, ვაშლიჯვარში ახალი გზის მშენებლობა მთლიანად მეწყრულ არეალში მიმდინარეობდა. საჭირო იყო ჯერ ფერდების დასტაბილურება და შემდეგ ახალი გზის მშენებლობა, რისთვისაც დაახლოებით 12 ბეტონის კედელი აშენდა, რის შემდეგაც საავტომობილო გზა მოეწყო“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

საერთო ჯამში, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 800-მდე მისამართზე განხორციელდა. ამასთანავე, 16 მისამართზე მოეწყო ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები, სულ მოცულია 128 000 კვ.მ ფართობი.

ავარიული შენობების გამაგრების პროექტებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ სამუშაოები ჩაუტარდა 700-მდე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს და 2025 წლის ბოლომდე კიდევ 26 ავარიული კორპუსის გამაგრება დასრულდება.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, როდესაც საუბარია ავარიულ შენობებზე, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„საკმაოდ ბევრია ავარიული შენობა-ნაგებობა, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და, ცხადია, სადაც ძეგლი მდებარეობს, იქ შეუძლებელია უფრო მეტსართულიანი მშენებლობის განხორციელება – უნდა შენარჩუნდეს იგივე პარამეტრები და სართულების რაოდენობა. ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ პროგრამა, რომელიც იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ინვესტორს, ვისაც სურვილი აქვს ძეგლი აღადგინოს, ვაძლევთ საშუალებას, რომ დამატებითი ფართის მატება განახორციელოს სხვა კონკრეტულ უბანში, სადაც არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მაგალითად, ქალაქის გარეუბნებში. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ძეგლს რეაბილიტაციას ჩაუტარებს და ამ პროცესებში მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდი არ იქნება ჩართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

READ  გასწავლით მარტივ გზას თქვენს სივრცეში იტალიური დიზაინის შესატანად

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაზე საუბრისას, მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროგრამას დედაქალაქის ათივე გამგეობა მუდმივად აქტიურად ახორციელებს მოსახლეობასთან თანამშრომლობით.

„ბოლო წლების განმავლობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან 285 000 000ლარი დაიხარჯა. დაახლოებით, 2 000 ლიფტი შეკეთდა და ახლით შეიცვალა, აქტიურად ხორციელდება კორპუსის სახურავების განახლება, ეზოების კეთილმოწყობა, 1 200-ზე მეტი სადარბაზოს რეაბილიტაცია ჩატარდა. ეს არის პროგრამა, რომელსაც მოსახლეობა ადგილობრივ გამგეობასთან ერთად აქტიურად იყენებს და მისი მეშვეობით ხორციელდება მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ამასთან თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში სამი ახალი ესტაკადა და პანდუსი, ერთი ახალი საავტომობილო ხიდი, ორი ახალი გვირაბი აშენდა.

„ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში გავაკეთეთ, არის უნივერსიტეტი – ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობდა უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ჯამურად, ბოლო წლების განმავლობაში აშენდა სამი ახალი ესტაკადა და პანდუსი, ერთი ახალი საავტომობილო ხიდი, ორი ახალი გვირაბი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, გარდა ახალი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობისა, აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

„პირველი, ეს იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია; გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მდინარე გლდანულაზე არსებულ ხიდს; აშენდა ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარი; განხორციელდა კახეთის გზატკეცილის მე-12 კმ-ის მიმდებარედ არსებული გზაგამტარის სრული რეაბილიტაცია; კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე მოვაწყვეთ ახალი ესტაკადა; ესტაკადა გაკეთდა გელოვანის გამზირზეც“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირის ბოლომდე დაგეგმილია ორთაჭალჰესის მიმდებარედ არსებული ხიდის რეაბილიტაცია.

ამასთან, მერის მოადგილის განცხადებით, ქალაქში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, ასევე, წარმოადგენს წყალმომარაგების, წყალარინების და სანიაღვრე ქსელების არარსებობა და ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებითაც არაერთი სამუშაო ჩატარდა.

„მაგალითისთვის, კაიროს მთლიან დასახლებაში მოეწყო წყლისა და წყალარინების სისტემა, ასევე, სანიაღვრე ქსელები; ივერთუბნის დასახლებაში, პირველ ეტაპზე, განვახორციელეთ წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა, შემდეგ კი დასახლების 32 ქუჩა დაიქსელა მიწისქვეშა კომუნიკაციებით და დღეის მდგომარეობით ამ ინფრასტრუქტურით 1 000-მდე ოჯახის სარგებლობს“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

READ  „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ იწყება — მე-10 საიუბილეო სეზონი

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები