თბილისის მერიის პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“, რომელიც 2022 წელს დაიწყო, გრძელდება. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პროგრამას ორი სპორტული კომპლექსი დაემატა, რაც 60 წლისა და მეტ ასაკის პირებისთვის პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობას 1000-ით გაზრდის, ხოლო საერთო რაოდენობა 3500-მდე გაიზრდება.
თბილისის მერის ინფორმაციით, პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში გაერთიანდებიან სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
„ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. საშუალებას ვაძლევთ 60 წლის და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებს, გამოიყენონ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა – საცურაო აუზები და ფიტნესს დარბაზები ყოველგვარი გადასახადების გარეშე. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ პროგრამაში 2 500-მდე მოქალაქეა ჩართული. ამასთან, პროგრამის აქტუალობიდან გამომდინარე, ასევე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სპორტული ორგანიზაციები ერთვებიან. ამჯერად, აღნიშნულ პროგრამას შემოუერთდა შპს „ასპრია ჯგუფი“ ორი სპორტული ობიექტით და შპს „ფაუერ მაქსი“ – ერთი ობიექტით. ისინი, თბილისის მერიასთან პარტნიორობის ფარგლებში, შესაბამისი ასაკის მქონე მოქალაქეთა მომსახურებას უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ხორციელდება შემდეგ სპორტულ ცენტრებში: გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი, დიდი დიღმის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი, ასათიანის ქუჩის ფილიალი და „არენა“.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები