2024 წლის „საუკეთესო მოხალისეების“ დაჯილდოება თბილისში გაიმართა, სადაც ახალგაზრდები და მოზარდები სხვადასხვა კატეგორიაში დაჯილდოვდნენ. ღონისძიება, რომელიც „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებით და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა, მიზნად ისახავდა მოხალისეობის მნიშვნელობის ამაღლებას და ახალგაზრდული აქტივობის წახალისებას საქართველოში.
ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე და საკრებულოს წევრი ანა კაკაბაძე. გურამ ოქროპირიძემ თავისი გამოსვლის დროს აღნიშნა მოხალისეობის როლი ჯანსაღი და მჭიდროდ დაკავშირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
„დღეს მოხალისეობრივი ინსტიტუტი მზარდია და სხვადასხვა ასაკის ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. გაიზარდა აგრეთვე მუნიციპალიტეტის როლი მოხალისეების მხარდაჭერის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა და ტენდენცია კიდევ გაიზრდება და ბევრად მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება ამ საქმეში“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.
კონკურსი საქართველოს მასშტაბით ორი ასაკობრივი კატეგორიით გაიმართა: მოზარდები (13-18 წელი) და ახალგაზრდები (19-29 წელი). თითოეული კატეგორიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ მიმართულებებს, რომლებიც შეეხებოდა სოციალურად დაუცველ ადამიანებს, გარემოს დაცვას და საჭიროების მქონე პირების დახმარებას.
2024 წელს, მოხალისეობის მოძრაობის საერთაშორისო თემა იყო „ვაღიაროთ მოხალისეთა კონტრიბუცია, რათა მივაღწიოთ მდგრადი განვითარების მიზნებს“. ამ გზავნილის მთავარი იდეა იყო, რომ მოხალისეების აქტიურობა არამხოლოდ მცირე დახმარებას, არამედ მდგრადი და გაძლიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ღონისძიების მიზანი არ იყო მხოლოდ გამარჯვებულების დაჯილდოება, არამედ ასევე საზოგადოების ინფორმირება მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტების ჩართულობაზე ამ მიმართულებით.
„2024 წლის საუკეთესო მოხალისეების“ დაჯილდოებას ესწრებოდნენ მოხალისეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, ასევე სკოლების წარმომადგენლები. ღონისძიებაში 63 მუნიციპალიტეტის მოხალისემ მიიღო მონაწილეობა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები