თბილისის გულში, აბანოთუბნის ქვეშ, იმ ადგილზე, სადაც დღეს 300 არაგველის მონუმენტი დგას, საუკუნეების წინ მდებარეობდა უბანი, რომელსაც სეიდაბადი ერქვა. ეს სპარსული წარმომავლობის სახელი ნიშნავს „სეიდების დასახლებას“ — ვარაუდით, XVII საუკუნეში სპარსეთის შაჰმა აქ სწორედ სეიდების ტომი ჩასახლა. სახელწოდებას პირველად ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში ვხვდებით, რომელიც მიუთითებს, რომ აქ იყო აბანოები, თაბორის ციხე და სეიდების დასახლება, რის გამოც სპარსელები უბანს სეიდ-აბადს ეძახდნენ.
სეიდაბადი თავდაპირველად „ტფილისად“ მოიხსენიებოდა. მემატიანე „ქართლის ცხოვრებაში“ წერს, რომ როდესაც სპარსეთის მეფე რუსთავიდან წამოვიდა, კალაისას ველზე დაბანაკდა, რადგან „ტფილისი და კალაიცა მაშინ მოოხრებული იყო“. აქ იგულისხმება ქალაქის ორი ნაწილი: საკუთრივ ტფილისი და გალავნით შემოზღუდული კალა. ისტორიის ფურცლებზე სწორედ ამ ტერიტორიაზე ჩაისახა თბილისი — ქალაქი, რომელიც დროთა განმავლობაში გაფართოვდა და მოიცვა კალა, ისანი და სხვა უბნები. XII საუკუნისთვის სეიდაბადი გალავნით იყო შემოსაზღვრული, რომლის ფრაგმენტიც დღემდეა შემორჩენილი არაგველთა ძეგლის მახლობლად.
მე–19 საუკუნემდე აბანოების მიმდებარე ტერიტორია ფაქტობრივად განაშენიანებული აღარ ყოფილა და ძირითადად ბაღებად გამოიყენებოდა. მხოლოდ საბჭოთა პერიოდში მიიპყრო ამ ადგილმა კვლავ განსაკუთრებული ყურადღება — გოგირდოვანი წყლების სამკურნალო თვისებების გამო აქ აშენდა თანამედროვე სტანდარტების სააბაზანო კორპუსი (1937), ხოლო მოგვიანებით ბალნეოლოგიური კურორტის ახალი მაღლივი შენობა (1962).
ისტორიულმა სეიდაბადმა არაერთი სიმბოლური ძეგლიც შეიძინა. მათ შორისაა 300 არაგველის მონუმენტი (1959), მაჩაბლის დასისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი და ცნობილი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის მიერ შესრულებული ნიკო ფიროსმანის ძეგლი, რომელიც 1975 წელს დაიდგა.
სეიდაბადი — ეს არის უბანი, სადაც თბილისმა პირველად ამოისუნთქა. ადგილი, სადაც ძველი და ახალი დრო ერთმანეთში იხლართება და რომელშიც თბილისის გენეტიკური მეხსიერება ცოცხლობს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია