ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირება მომავალში მოქალაქეებს გაუადვილდებათ, რადგან ის „112“-ის სისტემაში ინტეგრირდება. ეს ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ცხელ ხაზთან მიერთებით განხორციელდა, მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ოპერატიულობის გაზრდას.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მეშვეობით. „ეს ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს ექნება „112“-ის მუდმივი, 24-საათიანი მხარდაჭერა და გამოირიცხება ცხელი ხაზის უწყვეტად მუშაობისას ტექნიკური ხარვეზების ალბათობა. იყო გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა დედაქალაქის მოსახლეობას. ხშირად გვქონდა ხარვეზები ცხელ ხაზზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს სააგენტოს ოპერატიულობის ხარისხს სამაშველო ღონისძიებებისა და სხვა მყისიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიიღებს შეტყობინებებს და შეასრულებს საქმის წარმოებას ერთიანი ბაზის საშუალებით. ასევე, ეკიპაჟების გადაადგილების სისტემა იქნება ინტეგრირებული, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას და სწრაფ რეაგირებას სამაშველო ღონისძიებებში.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „112“-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის.
#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi
მასალის გამოყენების პირობები