თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 209 684,9 ათასი ლარით იზრდება. აღნიშნული ცვლილება დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დედაქალაქის ბიუჯეტმა ისტორიაში პირველად რეკორდულ ნიშნულს —2 192,862.9 ათას ლარს მიაღწია.
გიორგი ტყემალაძის თქმით, ახალი ფინანსური რესურსები ქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას დაეხმარება. 2025 წლის ბიუჯეტის მომატებული თანხები მოხმარდება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურული პროექტები, სატრანსპორტო რეფორმა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
„თბილისის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის კორექტირების შედეგად იგი 209 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 192,862.9 ათასი ლარი შეადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც ქალაქისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. თანხები იმ ძირითად პრიორიტეტებზე გადანაწილდება, რომლებიც ფინანსურ დოკუმენტში უკვე გაწერილია. იგეგმება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამას გარდა, თანხები მოხმარდება სატრანსპორტო რეფორმას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ვფიქრობ, ამ მიმართულებით 2025 წელი თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ამასთანავე, გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე განიხილება ქონების დაკანონების საკითხი. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ათწლეულების განმავლობაში ელოდება საცხოვრებელი ფართების დაკანონებას.
„ჩვენ მუდამ ვცდილობთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც, ერთი მხრივ, ინვესტიციების მოზიდვას, მეორე მხრივ კი, ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები