აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ჯერჯერობით შენობას არ შეიცვლის. მშობლების ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი იმავე შენობაში გაგრძელდება, თუმცა უსაფრთხოება გაძლიერდება.
ეს ინფორმაცია მშობლებს განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლალი კალანდაძემ მიაწოდა. გაძლიერებული უსაფრთხოება რამდენიმე საკლასო ოთახის ჩაკეტვას ითვალისწინებს – მათ ნაცვლად ადმინისტრაციული ოთახები გამოიყენება სასწავლებლად. გარდა ამისა, სკოლას მანდატურები დაემატება.
შენობის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მშობლების თქმით, 5 ნოემბერს შეიტყვეს, რომ 9 ნოემბრიდან მოსწავლეები სწავლას სხვა, 51-ე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გააგრძელებდნენ. ნაწილისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა და ისინი იმის შესახებაც კითხულობდნენ, რატომ არ შეატყობინეს შენობის მდგომარეობის შესახებ უფრო ადრე.
განათლების სამინისტროში გამოცემა „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა სექტემბრიდან იცოდნენ, რომ შენობას ექსპერტიზა სჭირდებოდა. მათივე თქმით, მიმდინარეობს განხილვა იმის შესახებ, რომელ შენობაში უნდა გადავიდნენ მოსწავლეები. ექსპერტიზის ბიუროს სიღრმისეული ანალიზისთვის დამატებითი მოთხოვნა გაეგზავნა და პროცესში დამატებით ექსპერტების ჩართვაც გადაწყდა.
8 ნოემბერს მშობლებმა სკოლასთან აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან სწავლების ჰიბრიდულ ან ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას და არც მეორე ცვლას. ალტერნატიული შენობის გამოყოფის შემთხვევაში მშობლები ითხოვენ, რომ განიხილონ თბილისის ცენტრალური უბნები ან მეტროდან ფეხით სავალ მანძილზე არსებული შენობები.
წყარო: ნეტგაზეთი
#drpkhakadze #sheniekimi

