თბილისში დიაბეტის მსოფლიო ფონდის (World Diabetes Foundation) ფინანსური მხარდაჭერითა და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობას მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს WDF-ის ევროპა-აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა მეტე სკარმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ პრევენცია, განათლება და ძლიერი პირველადი ჯანდაცვა დიაბეტის ეფექტური მართვის საფუძველია.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოში დიაბეტის მქონე ბავშვთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პირველადი ჯანდაცვის და სათემო სერვისების განვითარება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ძვირადღირებული, სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება“, — აღნიშნა მეტე სკარმა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები, რომლებიც ასახავდა დიაბეტის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს, გამოწვევებსა და პრიორიტეტებს. გამოკვეთილ პრობლემებს შორის დასახელდა კვალიფიციურ ენდოკრინოლოგებზე ხელმისაწვდომობის დეფიციტი რეგიონებში, ინსულინის ტუმბოს დაფინანსების საჭიროება, ასევე — საგანმანათლებლო კამპანიებისა და მულტიდისციპლინური გუნდის როლის გაძლიერება.
დაგეგმილია საგანმანათლებლო პლატფორმების განვითარება, რომლებიც იქნება მობილურ მოწყობილობებზე მორგებული და გაამარტივებს სანდო ინფორმაციაზე წვდომას.
პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტრო, სახალხო დამცველი და წითელი ჯვრის საზოგადოება.
დიაბეტის მსოფლიო ფონდმა 2002-2025 წლებში 120 ქვეყანაში 621 პროექტი დააფინანსა 223.5 მილიონი ევროს ოდენობით. ფონდის სტრატეგიული პარტნიორია ფარმაკომპანია „ნოვო ნორდისკი“.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია