28 ივნისიდან მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის თაღოვან ხიდზე სარემონტო სამუშაოები დაიწყება — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, პროექტი ოთხ თვეს გაგრძელდება და სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს.
„კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ — ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობას იწყებს. სავალ ნაწილს ჩაუტარდება დემონტაჟი, მოეწყობა ახალი კონსტრუქცია, წყალარინების სისტემა და ჰიდროიზოლაცია,“ — განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, დაზიანებული მოაჯირები აღდგება და ხიდის კონსტრუქციები გამაგრდება. ასევე შეიცვლება გარე განათების ძველი ბოძები და დამონტაჟდება თანამედროვე, ენერგოეფექტური LED სანათები. განახლდება ტროტუარებიც.
ტენდერი სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის შესყიდვის მიზნით 1 მაისს გამოცხადდა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 831 208 ლარია.
ცნობისთვის, ორთაჭალჰესი მდინარე მტკვარზე 1950-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 1954 წელს. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე ბუნებრივ მოდინებაზე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




