თბილისის „დინამო არენას“ განახლებასთან დაკავშირებით დედაქალაქს მსოფლიოში აღიარებული გერმანული არქიტექტურული კომპანია HPP Architects ეწვია. ვიზიტი არქიტექტორებმა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის ადგილზე შესასწავლად და მისი რეაბილიტაციის კონცეფციაზე სამუშაოდ განახორციელეს.
საპატიო სტუმრებს შორის იმყოფება კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანტონიო ვუტაჯო, რომელიც თბილისში კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას მოწვევით იმყოფება. მათი მიზანია „დინამო არენას“ განვითარებისთვის ახალი ხედვის ჩამოყალიბება, რომელიც სტადიონის იდენტობის შენარჩუნებასა და თანამედროვე ფუნქციური სივრცის შექმნას აერთიანებს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ არჩილ და გიორგი ქურდიანებიც, რომლებთან ერთადაც HPP Architects-ის წარმომადგენლებმა დეტალურად შეისწავლეს სტადიონის ინფრასტრუქტურა და პოტენციური განვითარების მიმართულებები.
“მოხარული ვარ, რომ “დინამო არენის” რეაბილიტაციით ისეთი ცნობილი არქიტექტურული კომპანია დაინტერესდა როგორიც HPP Architects-ია. მათ ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ, ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებენ და აახლებენ სტადიონებს. ჩვენი იდეის თანახმად არენა რეაბილიტაციის შედეგად სრულიად ახალ როლს მოირგებს და სპორტულ აქტივობებთან ერთად, მოქალაქეებს უამრავ სხვა საჭირო სერვისს შესთავაზებს” – განაცხადა რომან ფიფიამ.
ანტონიო ვუტაჯოს თქმით, კომპანია დიდად აღაფრთოვანა არენას პოტენციალი:
“თბილისში ჩამოსვლის შემდეგ “დინამო არენასთან” რამდენჯერმე ჩავიარეთ და მაშინვე დავინახეთ დიდი პოტენციალი. დღეს კი სტადიონი ახლოდან დავათვალიერეთ და აღმოვაჩინეთ ბევრი შესაძლებლობა რომ, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ არსებული იდენტობა და, მეორე მხრივ, განვავითაროთ სივრცე ახალი, ხარისხიანი ობიექტებით, სადაც მაყურებელს შეეძლება დასვენება და საკვების მირთმევა” – აცხადებს ანტონიო ვუტაჯოს სიტყვებია.
HPP Architects ერთ-ერთი უმსხვილესი არქიტექტურული ბიუროა ევროპაში, რომელიც მუშაობს სტადიონების დიზაინსა და განახლებაზე. კომპანიას ეკუთვნის ისეთი პროექტები, როგორებიცაა ფრაიბურგის ევროპა პარკი და ლევერკუზენის ბაიარენა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია