თბილისის მერია მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ისტორიულ ქუჩებზე — სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე — სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. პროექტი, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს, ორ ეტაპად დაიყოფა და ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე მოხდება ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია, რაც მოიცავს საინჟინრო სისტემების მოწესრიგებას და ახალ საგზაო ინფრასტრუქტურას. აღნიშნული სამუშაოებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მეორე ეტაპზე კი რეაბილიტირდება და რესტავრირდება 21 ისტორიული შენობა — რვა ორბელიანისა და 13 ინგოროყვას ქუჩაზე. იგეგმება ძეგლების საძირკვლის გამაგრება, ავარიული სტრუქტურების აღდგენა, ავთენტური არქიტექტურული ელემენტების რესტავრაცია და გადახურვის შეცვლა. საერთო ჯამში პროექტის სამშენებლო მოცულობა 45,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ხოლო ბენეფიციარების რაოდენობა 469-ს აღწევს.
კახა კალაძის თქმით, პროექტისთვის ჯამში 115 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა და ცნობილი გახდება გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, რომელიც განახორციელებს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული უბნის განახლებას.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია