თბილისში საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაკანონების პროგრამა გრძელდება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისნის, საბურთალოს, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები პირადად გადასცა.
„დღეს კიდევ 30 ოჯახს დავუკანონეთ და სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავეცით ფართები. ვულოცავ ამ ოჯახებს და ბედნიერებას ვუსურვებ. აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, 2017 წლიდან დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახი, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, იქნება ფართებით დაკმაყოფილებული.“, — აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ყველა მოქალაქეს, ვინც ხანგრძლივად ცხოვრობს დასაკანონებელ ფართში, შეუძლია რაიონულ გამგეობაში მიმართოს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია საჭირო დოკუმენტებზე. პროცესს თბილისში მოქმედი ქონების მართვის სააგენტო კოორდინაციას უწევს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, 2017 წლიდან დაწყებული პროგრამის ფარგლებში უკვე 3 300-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ მუნიციპალიტეტისთვის კუთვნილ ბინებში, თუმცა საკუთრების მოწმობის მიღება აქამდე ვერ შეძლეს.
მერის თქმით, არსებული ასობით განაცხადის განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს და დაკმაყოფილდება ყველა ოჯახი, ვინც დაკანონების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია